“უცნაური მიზიდულობა აქვს ედგარ პოს დაბურულ და აფორიაქებულ მისტიკას”

0
282

“ზუსტად არ ვიცი, თუ რატომ მოვისურვე ამ პოემის თარგმნა. უცნაური მიზიდულობა აქვს ედგარ პოს დაბურულ და აფორიაქებულ მისტიკას”, წერს სოციალურ ქსელში ექიმი, აშშ-ში მცხოვრები ზურაბ გურული.

გთავაზობთ აღნიშნულ თარგმანს:

“ერთხელ შუაღამის მოსაწყენ ჩრდილებთან, დაღლილ-დაქანცული ვიბრძოდი ფიქრებთან,

მტვერწაყრილ ლანდებთან ჩუმი ფორიაქით, საოცარ ამბებთან ძველი ფოლიანტის;

და როცა თვლემა მომგვარა უკუნმა, სიჩუმე გასერა უდროო კაკუნმა,

თითქოს უცნობმა, ფრთხილი დაჟინებით, შეხსნა მომთხოვა ჩაკეტილ კარის,

“ვიღაც მოსულა” წავილუღლუღე, “ჭრიალი მესმის სენაკის კარის” –

სხვა არაფერი, მხოლოდ ეს არის.

აჰ, კარგად მახსოვს, როცა ეს მოხდა, იდგა დეკემბრის სასტიკი სუსხი,

სენაკის კედლებს აკრთობდა, თრთოდა, მიმქრალ ნაკვერჩხლის ლანდები ბუხრის,

და გათენების ნდომით, წუხილით, სევდის გაფანტვის ძალუმი წყურვილით,

დარდის დათრგუნვის საოცარ სურვილით, ჩემს წიგნებიდან ვიხმე ლენორი..

ქალწული ტურფა, სხივთა მფრქვეველი, ანგელოზთ ნათლული, სახელად ლენორი..

მარადისობის ტოლი და სწორი.

 

იისფერ ფარდის ნატიფი სევდით, გაურკვეველი, ჩუმი შრიალი,

მავსებდა ღელვით, საოცარ შიშით, შემაძრწუნებლით და განუცდელით,

და გათანგული ვიმეორებდი, რომ დამეთრგუნა გულის ფრიალი,

“ვიღაც სტუმარი ვედრებით ცდილობს, რომ შემოაღოს ეს ჩემი კარი-

უდროო სტუმარს უნდა ვედრებით, შეხსნა მომთხოვოს სენაკის კარის;

სხვა არაფერი, მხოლოდ ეს არის.

 

სული სულ მალე გავითამამე და მეტი მოცდაც აღარ ვიწამე,

“ბატონო ჩემო! ან ქალბატონო! – გთხოვთ რომ შემინდოთ, არ მითქვამს უარი,

სინამდვილეში დაღლილი ვთვლემდი, და უნაზესი შეხება თქვენი,

მორიდებული, ფრთხილი და ჩუმი, ჩემი სენაკის ჩაკეტილ კარის,

ეჭვად ჩავთვალე მხოლოდ კაკუნის” – აჰა! შევხსენი მე ფართოდ კარიც,

დამხვდა უკუნი, სხვა არა არის …

დიდხანს ვიდექი, დამფრთხალი ფრიად, და გავცქეროდი უკუნეთ წყვდიადს,

ეჭვებით, შიშით, უცნაურ ფიქრით, ყველა მოკვდავზე გაბედულ სიზმრით,

მაგრამ დუმილი კვლავ იყო უტეხი, და მყუდროება უტყვი და უწყვეტი,

მხოლოდ გაისმა ჩურჩულით, თრთოლით, სულ ერთადერთი სიტყვა – “ლენორი?”

ჩურჩული ჩემი, ფრთხილი და შორი, მყის დამიბრუნა ექომ : – “ლენორი” –

მხოლოდ ეს იყო, არაფრის სწორი.

დავუბრუნდი სენაკს, ეულს, თითქოს სწვავდა სული სხეულს,

მალე ისევ ვისმენ კაკუნს, აღარ იყო ისე წყნარი,

– უეჭველად -, დავიჩივლე, – დარაბასთან არის მგზავრი,

მოდი ვნახო, დავაკვირდე, რომ გავიგო თუ ვინ არის,

დავიმშვიდო გული წამით, რომ გავხედო მიღმა კარის,

ქარის გარდა არვინ არის.

 

როცა მივხურე დარაბა მშვიდად, უეცრად ლაღად, დარდიმანდულად,

შემოაბიჯა ყორანმა დინჯად; საკადრის რიხით არისტოკრატის;

არც კი მომხედა, წავიდა ყინჩად, მოუდრეკელად და გამართულად;

შემოჯდა კარზე ჩემი სენაკის, ღირსებით ლედის, ანდა რაინდის;

თავზე დააჯდა ათინას ბიუსტს, სენაკის კარზე რომ აღმართულა,

და იჯდა ასე, ჩუმად, გარინდვით.

 

მედიდურად ღირსეულმა, ამ კუპრივით ჩიტის ქცევამ,

სევდა უცებ გადამყარა, ჭმუნვა ლხინად გადამექცა.

ვუთხარ: – კინკრიხო თუმც გაქვს ქაჩალი, სულაც არ ჩანხარ მხდალი, ლაჩარი;

ღვთის გულისათვის, მითხარ რა ჰქვია, ბნელ სანაპიროს რომ დანავარდობს,

უკმეხ და უჟმურ ამ ბებერ ყორანს, პლუტონისეულ ღამეში, ამ დროს!

დაიყრანტალა მან “აღარასდროს”.

თუმცა პასუხი გახლდათ უაზრო, გაურკვეველი და უცნაური,

ჩიტის ნათქვამი ჩემს გასაკვირად, იყო ნათელი და საცნაური.

დამეთანხმებით ალბათ ყველანი, არცერთ სულიერს, მსგავსი ყორანი,

თავის სენაკის კარზე შემჯდარი რომ არ უხილავს არსად, არასდროს,

კელიის კართან, ქანდაკებაზე, მონსტრი თუ ჩიტი რომ დანავარდობს,

და სახელად აქვს მას “აღარასდროს”.

ქალღმერთის ბიუსტზე კვლავ თვლემდა ყორანი, მიუსაფარი და მარტოსული;

იმეორებდა ერთადერთ სიტყვას, რომელშიც თითქოს ჩაჰკირა სული;

დიდხანს ეყუდა ის გარინდული, და არ ეძვროდა ერთი ბუმბულიც,

სანამ ისევ მე არ ავლუღლუღდი: – რომ განშორებას საოცრად ვდარდობ,

რომ ხვალ დამტოვებს ეს მეგობარიც, როგორც იმედი, სულ მუდამ, სხვა დროს;

ჩიტმა ამოთქვა, რომ – “აღარასდროს”.

ამ პასუხმა, ზუსტმა, მკვეთრმა, მათქმევინა ჩუმად, შემკრთალს,

“ერთი სიტყვა იცის მხოლოდ, ასე არის უეჭველად”,

ყოფილ მფლობელს ალბათ ბედად, გამუდმებით სდევდა სევდა,

და განგების მწარე ხვედრის, გახდა უბედური მსხვერპლი,

დათრგუნული შავი დარდით, უილაჯოდ, სწორედ ამ დროს,

უსასოოდ ქვითინებდა, არასოდეს-“აღარასდროს”.

მაგრამ ყორანის იდუმალ ხიბლით, ისევ ვიცვალე სევდა ღიმილით,

დავწვდი სავარძელს, უეცრად, მარდად, მოვიკალათე ჩიტის წინ, კართან;

და ჩაძირული სკამის ხავერდში, მყისვე უცნაურ ფიქრში წავედი;

ეს საოცარი, პირქუში ჩიტი, იმავდროულად მეფურად მშვიდი,

საბედისწერო და თან საშიში, ნეტავ რას ამბობს, ან რაღას დარდობს,

როცა ყრანტალებს ამ “აღარასდროს”.

დიდხანს ვიჯექი ხმის გაუღებლად, რომ მიმხვდარიყავ ფიქრს გაუგებარს,

გულს მიბურღავდა ის საშინელი, მწველი, გამჭოლი მზერა ფრინველის,

როცა სიღრმეში ჩავყევი ფიქრებს, და როცა თავიც მშვიდად მივდრიკე,

მივენდე ტახტის იისფერ ხავერდს, მკრთალი სინათლის ცოდვიან ალერსს,

ამ ფაფუკ ხავერდს, სინათლის ამბორს, და გამახსენდა ანაზდად, ამ დროს

რომ არ იხილავს ის “აღარასდროს”

მერე ჰაერი დამძიმდა, დატკბა, უხილავ გუნდრუკს აკმევდა სადღაც,

თვით სერაფიმი სასაკმევლიდან, თითქოს ფარდაგზე უჩუმრად ვლიდა.

“საბრალო სულო” – ვქვითინებ, ვკვნესი, ციდან გიგზავნის ანგელოზს ღმერთი,

მითიურ სასმელს, ნუგეშის, შვების, და წარსაგვრელად ლენორის სევდის,

შესვი სასმელი, ბოლომდე შესვი, ხსოვნამ ლენორის რომ არ დაგათროს,

დაიყრანტალა მან – “აღარასდროს”.

ბოროტების მოციქულო!- უცებ თრთოლვამ ამიტანა, – ვიცი ნათელმხილველი ხარ, ჩიტი იყავ, გინდ სატანა! –

თუნდ მოვლენილი იყო მაცდურის, ან გრიგალს მოჰყევ როგორც საცთური,

თუნდაც ეული, ვერ დაძლეული, გამეტებული უდაბნოსათვის,

დაწყევლილ სახლში გამომწყვდეულო, სიმართლე მითხარ ღვთის გულისათვის,

მითხარ! გილაადს ვიპოვნი ბალზამს? მითხარ რომ შვებას ვიპოვი ამ დროს !

და თქვა ყორანმა, რომ – “აღარასდროს”.

ბოროტების მოციქულო!- ისევ თრთოლვამ ამიტანა, – ვიცი ნათელმხილველი ხარ, ჩიტი იყავ, გინდ სატანა! –

დაგაფიცებ შენ სამოთხეს და ზეციურ ყველა წმინდანს, დაგაფიცებ ღმერთის სახელს, ორივესთვის ასე წმინდას,

გთხოვ, აუწყე ამ ცოდვილ სულს, მუდამ შვებას რომ დაეძებს, თუ მიაგნებს იმ შორეულ, საოცნებო, ტურფა ედემს,

თუ ჩაიკრავს გულში ქალწულს, ანგელოზთა ნათლულ ასულს,

ლენორს წმინდას, სხივთა მფრქვეველს, სერაფიმებს იქ რომ ართობს..

თქვა ყორანმა “აღარასდროს”.

წამოვიჭერ ფეხზე რისხვით, “ჩიტი ხარ თუ მეგობარი! მაშ ეს სიტყვა იყოს ბოლო, ამით მოვრჩეთ საუბარი!”

გაჰყევი ღამეს, პირქუშს და წყეულს, გრიგალს და ნაპირს პლუტონისეულს,

თან გაიყოლე სიცრუე სულის, და არ დასტოვო შავი ბუმბულიც.

მე მარტოობას ვეკუთვნი მარად, – მოშორდი ბიუსტს! კართან, იქ, მაღლა;

გულს ააცალე შენი ნისკარტი, დაეხსენ კარს და გაუჩინარდი, გიხილო აღარ, არსად, არასდროს,

დაიყრანტალა მან “აღარასდროს”.

და ყორანი შეურხევლად ისევ იქ ზის, ისევ იქ ზის,

უტყვ ქანდაკზე, კარის ზემოთ, ადგილს სამუდამოდ ჩემობს,

და მის თვალში, შემზარავში, მე მთვლემარეს ვხედავ დემონს,

მისი ჩრდილი, სანთლის სხივით, იატაკზე დანავარდობს,

ჩემი სული, ძირს გართხმული, ჩრდილს შერწყმული, მაშინ, ამ დროს,

უნდა აღსდგეს – “აღარასდროს.””

გაზიარება